თურქეთი ტრანსკონტინენტური ევრაზიული ქვეყანაა.[1] აზიური თურქეთი მეტწილად ანატოლიაში მდებარეობს და ქვეყნის 97%-ს შეადგენს. ევროპული ნაწილისგან მას ბოსფორი, მარმარილოს ზღვა და დარდანელი ჰყოფს. ევროპული თურქეთი აღმოსავლეთ თრაკეზე ან რუმელიაში მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბულგარეთი, საბერძნეთი, სირია, ერაყი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო.[2]
თურქეთის ტერიტორიის სიგრძე 1600 კმ-ს, ხოლო სიგანე 800 კმ-ს აღემატება და მას მართკუთხედის მსგავსი ფორმა აქვს.[3] თურქეთის ფართობი, ტბების ჩათვლით, მოიცავს 783,562[4] კვ. კმ-ს, რომლის 755,688 კვ. კმ აზიაში, ხოლო 23,764 კვ. კმ. ევროპაშია.[3] შესაბამისად, ფართობის მიხედვით თურქეთი სიდიდით 37-ე ქვეყანაა მსოფლიოში, და დაახლოებით კონტინენტური საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ტოლია ერთად. თურქეთს სამი მხრიდან ზღვა აკრავს: ეგეოსის ზღვა დასავლეთით, შავი ზღვა ჩრდილოეთით და ხმელთაშუა ზღვა სამხრეთით. მის საზღვრებშია ასევე მარმარილოს ზღვაჩრდილოდასავლეთით.[5]
თურქეთის ევროპული ნაწილი ქმნის საზღვრებს საბერძნეთსა და ბულგარეთთან. ქვეყნის აზიური ნაწილი ძირითადად მაღალი ცენტრალური პლატოსგან შედგება ვიწრო სანაპირო დაბლობებით ქოროღლუსა და აღმოსავლეთ შავი ზღვის მთათა ქედებით ჩრდილოეთში და ტაურუსის მთებით სამხრეთით. აღმოსავლეთ თურქეთი უფრო მთაგორიანია. აქ იდებს სათავეს ევფრატი, ტიგროსი და არაქსი. აქ მდებარეობს ვანის ტბა და მთაარარატი, თურქეთის უმაღლესი მწვერვალით (5,165 მ).[5][6]
გეოგრაფიულად თურქეთი იყოფა შვიდ რეგიონად: მარმარა, ეგეოსი, შავი ზღვა, ცენტრალური ანატოლია, აღმოსავლეთი ანატოლია,სამხრეთაღმოსავლეთი ანატოლია და ხმელთაშუა ზღვის რეგიონი. უსწორმასწორო ჩრდილოეთ ანატოლიის ტოპოგრაფია შავი ზღვის გასწვრივ გრძელ, ვიწრო ქამარს ჰგავს. ეს რეგიონი თურქეთის მიწის დაახლოებით 1/6-ს შეადგენს. პლატო აღმოსავლეთისკენ სულ უფრო უსწორმასწორო ხდება.[5]
თურქეთის მრავალფეროვანი ტოპოგრაფია ათასობით წლების განმავლობაში დედამიწის ქერქის კომპლექსური მოძრაობის შედეგია. ეს რეგიონი დღესაც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიწისძვრებისა და ვულკანური ამოფრქვევების ზონაშია. ბოსფორისა და დარდანელის არსებობა დედამიწის ქერქში გეოლოგიური რღვევის შედეგია, რამაც შავი ზღვის წარმოშობა განაპირობა. მიწისძვრების არეალი გადის ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილზე დასავლეთიდან აღმოსავლეთით, რომელმაც 1999 წლის ერთ-ერთი უმსხვილესი მიწისძვრა გამოიწვია (ეპიცენტრით იზმირში).[7]
ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ სანაპირო რეგიონს ზომიერი ხმელთაშუა კლიმატი ახასიათებს, ცხელი, მშრალი ზაფხულითა და ნესტიანი, გრილი ზამთრით. პირობები გაცილებით მკაცრია ქვეყნის შუაგულში. სანაპიროს გასწვრივ მთათა ქედები ხელს უშლის ხმელთაშუა ზღვის ჰავის გავრცელებას ქვეყნის შიგნით, რაც ანატოლიის პლატოს კონტინენტურ კლიმატს აძლევს მკაცრად კონტრასტული სეზონურობით. ზამთარი პლატოზე განსაკუთრებით მკაცრია. აღმოსავლეთ ნაწილში ზამთარში ტემპერატურა შეიძლება -30°C-ზე დაეცეს, ხოლო თოვლი მიწაზე შესაძლოა წელიწადში 120 დღე იდოს. დასავლეთ ნაწილში ზამთრის საშუალო ტემპერატურაა 1 °C. ზაფხული ცხელი და მშრალია, საშუალო ტემპერატურით 30 °C-ზე მაღლა დღისით. წლიური ნალექების რაოდენობა საშუალოდ 400 მილიმეტრს აღწევს. ფაქტიური რაოდენობა დამოკიდებულია სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ყველაზე მშრალი რეგიონებია კონიასა და მალათიას გავაკება, სადაც წლიური ნალექების რაოდენობა 300 მმ-ზე ნაკლებია. მაისი ზოგადად ყველაზე ნესტიანი თვეა, ივლისი და აგვისტო კი — ყველაზე მშრალი.[8]
- ფართობი: 780.580 კმ²,
- ბუნება: უმაღლესი მწვერვალი — დიდი არარატი 5.165 მ; მთავარი მდინარეები (კმ) — ყიზილ-ირმაქი 1.182, ევფრატი 960 (სულ 2.770); მთავარი ტბები (კვ.კმ) — ვანი 3.738, თუზი 1.700, ბეიშეჰირი 780, ქებანი 675, ეღრიდირი 590; უდიდესი კუნძული — გოქჩეადა; კლიმატი — კონტინენტური, ხმელთაშუაზღვის.
- ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი, ქრომი, ვერცხლისწყალი, სპილენძი, გოგირდი, რკინის მადანი, სასოფლო-სამეურნეო მიწები, ჰიდროენერგია.
No comments:
Post a Comment